ლაშა (დაზმირ) გახარია დაიბადა 1947 წლის 11 ოქტომბერს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში, რეპრესირებულთა ოჯახში.

           გახარიების ოჯახისთვის პოეზიის სიყვარული უცხო ხილი არასოდეს ყოფილა.თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლაშას მამის კაპიტონისა და უფროსი ძმის ზაურის ზოგიერთი ლექსი ოდიშური პოეზიის შედევრია.

ლაშას ბავშობიდან დაჰყვა პოეტური ნიჭი და მოწაფეობის დროს რაიონულ გაზეთ ,,ნაპერწკალში’’ გაბედა პირველი ლექსის გამოქვეყნება, შემდეგ სხვაგანაც ცადა ბედი. ლექსები ყველგან გამოუქვეყნეს და თანამშრომლობაც შესთავაზეს. მისთვის ყველაზე დიდი წარმატება მაინც ,,ახალგაზრდა კომუნისტი’’ იყო, სადაც ქართული სიტყვის დიდოსტატები მუშაობდნენ. წარჩინებით დაამთავრა მუხურის ასწლოვანი საშუალო სკოლა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს . სკოლის დამთავრების შემდეგ 1967-72 წლებში ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჟურნალისტიკის პროფესიის დაუფლებასთან ერთად, თავისი პიეტური ხმის დახვეწისა ხანა დაუდგა.

ლაშა გახარია იყო გაზეთ ,, ახალგაზრდა კომინისტისა’’ და ,,კომინისტის’’ პასუხისმგებელი მდივანი, განყოფილების გამგე, პრეზიდენტის მრჩეველი. მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირის წევრობა და 70-90იან წლების ქართულ პრესაში სხვადასხვა პრესტიჟული თანამდებობა არასოდეს გამოუყენებია იმისთვის, რომ გამოეცა საკუთარი ლექსების კრებული.

           მან 35 წელი შეალია ქართულ პრესას და ყველაზე ახალგაზრდას _ 35 წლისას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება. ყოველთვის სხვისთვის დამშვრალმა და სხვისი წიგნების დამკვალიანებელმა ვერ მოახერხა ერთი კრებულის გამოცემა. მან უნივერსიტეტშივე იპოვა თავისი ერთადერთი სიყვარული და ცხოვრების თანამგზავრი, საქვეყნოდ ცნობილი ტანმოვარჯიშე _ როზა ბერიკაშვილი, რომელმაც მას ორი შვილი – კაპიტონი და ელენე აჩუქა.

2001 წელს ლაშას ტრაგიკულად დაეღუპა თავისი პირმშო კაპიტონი. დიდმა მწუხარებამ პოეტის ისედაც შერყეულ ჯანმრთელობას უნკურნებელი სცენიც დაემატა.

           სიცოცხლის ბოლო პერიოდი ნაყოფიერი გამოდგა პოეტის შემოქმედებაში. მისი პირველი წიგნი ,, მუზის პაუზა’,’ რამაც დიდი გამოხმაურება პოვა, მალევე გაქრა წიგნის თაროებიდან. ,,მუზის პაუზას” ,,99 და ერთი’’ მოჰყვა. ყველა ჩქარობდა, ჩქარობდა ლაშას წიგნების რედაქტორი ლია ნაროუშვილი..

მირქმა დღეს იმ თვისთვის უჩვეულო მოვლენას, ჭექა-ქუხილს, გაჰყვა პოეტის სულიც. ლაშა გახარიას გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე გამოვიდა მის მიერ ,,მეგრელი ცირებისთვის სამზითვნო’’ როგორც პოეტი ხუმრობდა, მეგრულ ენაზე გამოცემული წიგნი ,,ირიათონი’’.

           ლაშა გახარია იყო ტერენტი გრანელის , გიგლა ლეონიძისა და ლადო ასათიანის პრემიის ლაურიატი. გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა ,,ოქროს ფრთა’’. 2006 წელს გამოიცა წიგნი ,, 100 ლექსი’’ , ხოლო 2013 წელს ,,ჭარაშიგეშა’’, რასაც მოჰყვა სახლ-მუზეუმის გახსნა.  მისი საოცარი, ალალი პოეზია მომავლისაა. უთქვამთ , “პოეზია უცნაური მადლია და პოეტი მადლით მოსული კაციო”. სწორედ ასეთი გახლდათ ლაშა გახარია.