სასკოლო ღონისძიებების დროს სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით უსაფრთხო გადაყვანის მიზნით ცვლილებები შედის, რომლითაც კანონმდებლების მოსაზრებით, მაქსიმალურად შემცირდება სასკოლო ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს უბედური შემთხვევის რისკი.
როგორც ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით მათიკაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ხშირია შემთხვევები, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ არის სათანადო კვალიფიკაციის. ასევე, გრძელ მანძილზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას კანონმდებლობით არ არის მოწესრიგებული სათადარიგო – შემცვლელი-მძღოლის გამოყენების სავალდებულოობა. აღნიშნული კი მნიშვნელოვნად ზრდის სასკოლო ღონისძიებისას სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების დროს უბედური შემთხვევის რისკს და აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს შესაბამისი ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ რისკის მაქსიმალურად შემცირებას.
კანონპროექტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელიც სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისას უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების გადაყვანას, ვალდებული იქნება, იქონიოს ცნობა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შესახებ, რომლის გაცემის თარიღსა და სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ავტოსატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იქნეს შიდა და გარე ხედვის კამერებით, ცეცხლმქრობითა და პირველადი დახმარების ჩანთით.
ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების თითოეული სავარძელი უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედით; მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ქარხნული წესით დადგენილი სავარძლების რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო ღონისძიების მარშრუტი აღემატება 500 კილომეტრს, ძირითად მძღოლს თან უნდა ახლდეს სათადარიგო მძღოლი. ამასთან, როგორც ძირითად, ისე სათადარიგო მძღოლს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კატეგორიის მართვის უფლება. მოპოვებული უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის თარიღამდე არანაკლებ 5 წლით ადრე. მძღოლი ვალდებული იქნება სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეთა გადაყვანისას წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის გარდამავალი დებულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით მთავრობას ევალება 2019 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს სასკოლო ღონისძიებისას მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესის შემუშავება და დამტკიცება.
კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განმარტებით, რეგულაციების გამკაცრება აუცილებელია. „შემოთავაზებული რეგულაციები გააძვირებს ბავშვთა გადაყვანას ექსკურსიების დროს, მაგრამ ბავშვების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ძვირფასი არაფერი არსებობს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი ინფორმაციით კანონპროექტით მოცემულ ვადებთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება. მთავარ გამოწვევად მარიამ ჯაშს მიაჩნია ამავე პრინციპების გავრცელება რეგულარულ სასკოლო სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელის ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით მოსწავლეს ემსახურება. „შემდეგ ეტაპზე აუცილებლად იქნება ეს საკითხი დასაყენებელი“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი მოსაზრებით, რეგულაციები უნდა დაწესდეს ასევე სახელოვნებო და სპორტული ღონისძიებების დროს მოსწავლეთა გადაყვანისთვისაც.
ავტორი: გოგა წურწუმია
წყარო:parliament.ge